ყვარლის სტატისტიკა


ყვარლის სტატისტიკა

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებს და ალაზნის ვაკის ნაწილს. უჭირავს 1000,8 კმ2 ფართობი. ყვარლის რაიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ალაზანი, ჩრდილოეთიდან - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით - ლაგოდეხის რაიონი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთ თელავის რაიონი.
მთავარ სამდინარო არტერიას წარმოადგენს მდინარე ალაზანი მარცხენა შენაკადებით: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, შოროხი, აფნისწყალი, არეში. ტერიტორიანი თითქმის 45 %-მდე მთიანია, ვაკეს უკავია 45 %.  ვაკე ნაწილში დიდი ნაწილი უჭირავს თიხნარ ნიადაგს.
ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე სამი დიდი მოცულობის ხელოვნური წყალსაცავია. მათგან პირველი, "ყვარლის ზღვა" 1962-65 წლებში შეიქმნა რაიონის მოსახლეობისა და სპეციალისტების ენთუზიაზმის წყალობით ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთებით შემოსაზღვრულ ტაფობში. წყალსაცავის სიღრმე 10 მეტრია, სიგრძე 2 კმ, ხოლო სიგანე საშუალოდ 300 მეტრს აღწევს. წყალსაცავს 40 ჰა უკავია და თავის დროზე ის კეთილომოწყობილ კულტურული დასვენების კერას წარმოადგენდა მთელი კახეთისთვის რომლის რეაბილიტაცია კვლავ მახდა და ის 2011 წლიდან აქტიურად იღებს როგორც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებლებსაც.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელია. რაიონული ცენტრი, ქ. ყვარელი, მდებარეობს დურუჯისა და ბურსის შუაწელში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. თბილისიდან დაცილებულია 134 კმ.
ყვარლის რაიონი საქართველოს სხვა რეგიონებს ძირითადად საავტომობილო მაგისტრალებით უკავშირდება.

მოსახლეობა 

 2002 წლის აღწერის მიხედვით ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მუდმივი რიცხოვნობა შეადგენს 40,080 კაცს. განსახლების ძირითადი ზონაა ზღვის დონოდან 200-600 მეტრის ზონა. მთელი მოსახლეობიდან სოფელში ცხოვრობს მოსახლეობის 76 %, ხოლო ქალაქში დარჩენილი 24 პროცენტი. მოსახლეობის ეთნიკური უმრავლესობა, 90 % ქაღტველები არიან, აქვე ცხოვრობენ ავარიელები (ლეკები) _ 5 %, ოსები _ 1,3 %, ასევე რუსები, სომხები, ქურთები და სხვ. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კმ-ზე შეადგენს 40 კაცს.
ისტორიული წარსული

ისტორიული წყაროებითა და არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი დასახლებები. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია დღევანდელი შილდისა და ენისლის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, ხოლო ძველი გავაზის (ამჟამად ახალსოფელი), ბალღოჯიანისა და გრემის ტერიტორიაზე მოპოვებულია ანტიკური ხანის საოჯახო და საომარი ნივთები. გრემ-ნეკრესის მიდამოებში მდებარეობდა უძველესი საკულტო ნაგებობები. ამ მხარის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ნეკრესი, სადაც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანი, წმინდანად შერაცხული აბიბოს ნეკრესელი.
ნეკრესი და მისი შემოგარენი ნაშთია იმ უძველესი ისტორიული ქალაქისა, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" მრავალჯერ არის ნახსენები, როგორც "ნელქარისა ნეკრესი". ისტორიული წყაროებით ნეკრესის დაარსება მიეწერება მეფე ფარნაჯომოს ძველი წელთაღრიცხვის 11 საუკუნეში. აქ მრავალი ნაშთია იმისა, რომ ქალაქი ნელქარისა ანუ ნეკრესი გაშენებული ყოფილა მდინარე "სასახლის ხევის" პირზე.
  კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ყვარელს, მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. მრავალი წყაროებითა და არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ აქ არსებობდა მნიშვნელოვანი დასახლებები.
ყვარლის დაარსებასა და წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონები მისი შემოგარენი, განსაკუთრებით კი ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული და უბრძანებია: "ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო".
ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (IV საუკუნეში) ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან; ყვარადან ჩამოსახლებულებს ყვარელები შეარქვეს და ეს სახელი დასახლებასც შერჩა. შემდგომში ამ სახელწოდებამ სინტაქსური ცვლილება განიცადა, შეიკვეცა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოპონიმი ყვარელი.
ყვარლის რაიონი არაერთი გამოჩენილი პიროვნების და ცნობილი მამულიშვილის სამშობლოა. გენიალური მამულიშვილი, დიდი ილია ჭავჭავაძე, ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი, ქართული თეატრის მშვენება მაკო საფაროვა-აბაშიძისა, გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიშვილი, პუბლიცისტი არჩილ ჯორჯაძე, საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიშვილი, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები თამარ ჭავჭავაძე და დოდო ჭიჭინაძე, მხატვრები ვალერიან სიდამონ-ერისთავი და ვახტანგ ჯაფარიძე, მწერალი ილია ზურაბიშვილი და სხვანი ყვარლის მადლიანი მიწის შვილები არიან.

 ისტორიული ძეგლები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია მეტად საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. ნეკრესი, როგორც კულტურული და რელიგიური ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადრეულ და შუა საუკუნეების ეპოქაში.
არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილი საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით.
ქ. ყვარელში დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი, რომელთანაც საქართველოს ისტორიული წარსულის და ძნელბედობის მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსები
მუნიციპლიტეტის ძირითადი ბუნებრივი სიმდიდრეა ფოთლოვანი ტყის ძვირფასი მერქანი (წაბლი, წიფელი, იფანი, მუხა), რომელიც ძირითადად მთიან ზონაშია განლაგებული და უკავია რაიონის საერთო ფართობის ნახევარზე მეტი (55 ათასი კმ2).
აქვე უნდა აღინიშნოს ყურძნის უნიკალური მიკროზონა "ქინძმარაული", რომელიც საყოველთაოდ ცნობილი სამარკო ღვინის "ქინძმარაულის" ადგილის დედას წარმოდგენს.
სასარგებლო წიაღისეულიდან უნდა აღინიშნოს კირქვის საბადოები, რომლითაც მოფენილია რაიონის თითქმის მთელი ტერიტორია და ოდითგანვე წარმოადგენდა ძირითად სამშენებლო მასალას.
რაიონში ასევე კარგად იყო განვითარებული სამშენებლო აგურისა და კერამიკული ნაკეთობების წარმოება არსებული მაღალი ხარისხის თიხის საბადოების საფუძველზე, რომლის მარაგიც ფაქტიურად ამოუწურავია.
სამშენებლო მასალების საბადოებიდან აღსანიშნავია მაღალხარისხიანი ფიქალი სოფ. საბუის ჩრდილოეთით.
მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში არის საკმაოდ მაღალხარისხოვანი მარმარილოს საბადოები.
მდინარე დურუჯის ჩამონატანი ინერტული მასალები - მაღალი ხარისხის ქვიშა და ლამი გამოირჩევა მაღალი წებოვნებით საუკეთესო მასალაა, როგორც ცემენტის, ისე წვრილი საკედლე ბლოკისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოებისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტი მდიდარია ჰიდრორესურსებით. აქ არის ასევე უამრავი სამკურნალო წყალი და ჟანგბადით გაჯერებული ჯანსაღი საკურორტო ზონები, რომლებიც ჯერ-ჯერობით აუთვისებელია.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
ყვარლის მუნიციპალიტეტი ტიპიური მიწათმოქმედების რეგიონია, სადაც პრიორიტეტული როლი ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას უკავია, ხოლო წამყვანი დარგია მევენახეობა, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული მიმართულება, რომელიც იძლევა მთელი სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლის 80 %.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკავია 35.945 ჰა, აქედან სახნავი  ფართობია 16. 449 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 6209 ჰა, საძოვრები 13.287ჰა.
მევენახეობასთან ერთად კარგად არის განვითარებული მარცვლეულის (ხორბალი, სიმინდი) წარმოება, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა.
რაიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილით გამოირჩევა მრეწველობა და მათ შორის ღვინის ქარხნები. 36 სამრეწველო საწარმოდან 19 ღვინის ქარხანაა. მნიშვნელოვანი ტემპით გაიზარდა წარმოებული ღვინის მოცულობა 2000-2005 წლებში.
ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი პურის, საკონდიტრო ნაწარმის, უალკოჰოლო სასმელების წარმოება, სამშენებლო მასალების და კერამიკული ნაწარმის გამოშვება.
განვითარებულია ხის გადამამუშავებელი მრეწველობა.


Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks