დუბის ღვთისმშობლის შობის მონასტერი



დუბის ღვთისმშობლის შობის მონასტერი

წმინდა ილია მართლის სამშობლოში 40-მდე ისტორიული ძეგლი და ნაგებობაა. მათ შორის უძველესია VI ს-ის რიყის ქვის დუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც მდინარე ბურსის სანაპიროზე მდებარეობს. იგი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. ტაძარი ვაკე ადგილზე, ტერასაზე მდებარეობს. ამ ადგილს მოსახლეობა დუბეს ეძახდა. აქედან წარმოდგება ტაძრის სახელწოდება - დუბის საყდარი. საბას განმარტებით, დუბე დაბალი ადგილია.

ტაძრის ჩრდილოეთ კედლიდან გადმოდიოდა სასწაულმოქმედი წყალი "ღვთისმშობლის ცრემლები", რომელსაც კურნების მადლი ჰქონდა. ქვესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სამონასტრო კოლმპლექსის დიდი ნაწილი აუფეთქებიათ, რის შედეგადაც სასწაულთმოქმედი წყალი დამშრალა.

2000 წლის 4 დეკემბერს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი.

მონასტრის მთავარი სიწმინდეა წმინდანთა უხრწნელი ნაწილები: წმინდა პირველმოწამე სტეფანე პირველდიაკონისა, წმინდა დიდმოწამე პროკოფისა, წმინდა მოწამე ტრიფონისა, წმინდა პირველმოწამე თეკლასი, ღირსი ილარიონ დიდისა, ღირსი ეფრონია პოლოცკელისა, ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ თოთხმეტი ათას ყრმათაგანისა და დუბის ღვთისმშობლის ხატი.


მონასტერში ფუნქციონირებს ჭრა-კერვის, ქარგვისა და ძველი წიგნების სარესტავრაციო სახელოსნოები. დები ქსოვენ სკვნილებს, აცხობენ ეპარქიისთვის სეფისკვერს. დედათა მონასტერს აქვს დამხმარე მეურნეობა - ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი.

2006 წელს დუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარს ჩაუტარდა ნაწილობრივი რესტავრაცია ბატონ იოანე სამხარაულის დახმარებით. დუბის მონასტრის დობა მდუმარე, დაუშრეტელი მოსაგრეობით ცხოვრობს მონასტერში. მონასტრის წინამძღვარია მონაზონი თეკლა (კანანაძე).

წყარო: www.karibche.ambebi.ge








Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks