ყვარლის კატასტროფების ისტორია

 

ყვარლის კატასტროფების ისტორია 
დურუჯის ისტორია ადგილობრივების მეხსიერებაში დიდ ტრაგედიებს უკავშირდება, რის გამოც ყოველ გაწვიმებას ყვარელში მოსახლეობა შიშით ხვდება. დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. შემდგომი ძლიერი წყალმოვარდნები იყო 1889, 1904, 1949, 1990, 2002 წლებში. წყალმოვარდნების მასშტაბზე ერთ-ერთი ასეთი კატასტროფის დროსა ჩამოტანილი ქვაც მეტყველებს, რომლის წონაც 140 ტონაა.  1904 წელს ღვარცოფმა და მდინარის მიერ ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა მთელი ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. აი, რას ჰყვება ამ უბედური შემთხვევის მომსწრე, იური მიხეილის ძე ჭავჭავაძის მეუღლე, ელენე ჭავჭავაძე: "ერთ დილით საშინლად ჩამობნელდა, შავი ღრუბლები მთლად დაბლა ჩამოწვა, შვიდი საათი იქნებოდა, ერთბაშად დაიწყო საშინელი წვიმა, გეგონებოდათ კოკებიდან ასხამენო, ატყდა ჭექა-ქუხილი, გაისმა ხალხის საშინელი ყვირილი, წყლის მაგივრად რაღაც ტალახი მოგორავდა, თან მოაგორებდა დიდრონ ქვებს და ხალხი გამორბოდა მთლად ტალახში ამოსვრილი, საშინელი ქარი ანგრევდა იქაურობას, ნახევარი სოფელი მთლიანად მოისპო, ჩვენი მხარე გადარჩა".  1906 წელს დურუჯზე ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ყაზარმას, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა.  საბჭოთა ხელისუფლებამ დურუჯზე 5,5 კილომეტრი სიგრძის, 7 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის ტრაპეციის ფორმის კედელი და მისი საძირკვლის დამცავი ნაგებობები ააშენა. დაიწყო სისტემატური გამწმენდი სამუშაოები, რაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი ჯდებოდა.  გამწმენდი სამუშაოები 90-იან წლებში შეწყდა. იმ დროისათვის დამცავი კედელი უკვე ამორტიზებული იყო. ამჟამად კედელი მიწაშია ჩაფლული და ალაგ-ალაგ მთლიანად დანგრეულია.  ერთადერთი, რაც ამის შემდეგ გაკეთდა, ყვარლის ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადება იყო, თუმცა ამას ადგილობრივი მოსახლეობისთვის არანაირი შვება არ მოუტანია.


Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks