ყვარლის ისტორია


ყვარლის ისტორია
გამოყენებითი ლიტერატურა: დეკანოზ ბენიამინის წიგნიდან "ვპოვე ტაძარი"
ყვარელი და მისი ციხე-სიმაგრეებიყოველი დასახლებული ადგილის ისტორია იწყება მისი სახელწოდების ეტიმოლოგიით, რამეთუ სახელი იგი - თვით გასაღებია ისტორიიისა. ყვარელი, ახლანდელი ქალაქი, უძველესი სოფელი იყო. იგი მდებარეობს კავკასიონის მთების გავაკებულ კალთებზე, იმ დიდებული და ამყი მთების, რომელიც შემდგომ წმიდა ილია მართლის მთების სახელით შევიდა ქართველთა ცნობიერებაში. აღმოსავლეთიდან ყვარელს ჩამოუდის მდინარე ბურსა, ხოლო დასავლეთიდან ბობოქარი დურუჯი. სამხრეთით გაშენებული ბაღები, ყანები და ვენახები კი ალაზნის ნაპირებამდე ვრცელდება.ყვარლის ბუნებრივი პირობები ადამიანისათვის მეტად ხელსაყრელია ყოველმხრივ და ამიტომაც, ეს ტერიტორია უძველესი დროიდანვე მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ნასოფლარი, ნასახლარი, ძველი წყალსადენების, ციხე-კოშკების, ეკლესია-მონასტრების ნაშთები, რომელებიც მეტყველებენ საქართველოს ამ კუთხის მოსახლეობის მრავალსაუკუნოვან მაღალ კულტურაზე და მოგვითხრობენ იმ დიდ და გმირულ ბრძოლებზე, რომელსაც ისინი ეწეოდნენ შემოსეული მტრების წინააღმდეგ თავისი მშობლიური მიწის დასაცავად.საინტერესო ლეგენდა აქვს ყვარელს, რომელსაც გრიგოლ ორბელიანმა ,,კახეთის თვალი’’ უწოდა. მის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, მჭიდროდ დასახლებული სოფელი დოლოჭობი ყოფილა. აღმოსავლეთით კი ყვარელს ესაზღვრებოდა უძველესი სოფლები - ვაშლოვანი და ნატახტარი. ახლა ამ სოფლების მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი და ხალხი ამ ნანგრევებს ,,ყორიანს’’ უწოდებს. ,,ყორიანის ქალი ვიყავ, დოლოჭობის პატარძალიო’’,- დღემდე შემორჩა ხალხში ასეთი თქმა. ამ სოფლებს შუა, იქ სადაც ახლა ყვარელია, ტბა მდგარია. ტბა შემოდგომ დამშრალა. ნატბავარზე ულამაზესი ჭალა გაშენებულა და მომრავლებულა უამრავი ნადირ-ფრინველი. ერთხელ მეფეს სანადიროდ გამოუვლია, ამ გარემოს სილამაზით ძლიერ მოხიბლულა და აღფრთოვანებულს წამოუძახია: რა საყვარელი ადგილია, აქ სოფელი უნდა გაშენდესო და მართლაც დოლოჭობიდან და ყორიანიდან ხალხი ნელ-ნელა გადმოსახლებულა. ასე დაარსდაო ყვარელი, გვეუბნება ლეგენდა. ეს გადმოცემა ხალხურ პოეზიაშიც აისახა:

,,ყვარელი დასახლებულა წინანდელ ნატბავარშია,გარშემორტყმული გორებით მოტანებული რკალშია’’.

ისტორიულად დადასტურებულია, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ჩამოსახლდნენ მთის ფშაველებისოფელ ყვარადან. ამ ნასოფლარის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი თიანეთის რაიონში.საისტორიო წყაროებში სოფელი ყვარა პირველად მეოთხე საუკუნეშო იხსენიება. ქართლის ცხოვრებაში მოთხრობილია წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანობის გავრცელების ამბავი არაგვის ხეობაში: ,,წმიდა ნინომ წაიყვანა საბერძნეთიდან მოსული მღვდელი იაკობი და ერისთავი ერთი, წავიდა და მოუწოდა მთიელთა, უქადაგა სარწმუნოება ქრისტესი’’. როგორც მემატიანე გვაუწყებს, ყვარელებს არ იუღიათ ახალი სარწმუნოება და ლტოლვილან თავიანთი სოფლიდან. საწყალნი გადასახლებულან თუშეთს, ხოლო ნაწილი ჩამოსახლებულან მდინარე დურუჯის ხეობაში და მათ ყვარელებს უწოდებდნენ. სახელწოდებაც აქედან წარმოსდგება - ყვარელები. შემდგომში მას ,,ებ’’ ნაწილაკი ჩამოშორდა და დარჩა ყვარელი. ახლანდელი ყვარელი რომ თიანეთისრაიონის სოფელ ყვარადან არის წარმოშობილი, ამას იზიარებს ვაჟა-ფშაველაც: ,,ტავდაპირველად მშობელი დედა და აკვანი მთისა, ბარი იყო. დროთა ვითარებისა და ისტორიული მიზეზებისა გამო მთასაც ბევრჯერ ხვდა დედობა და აკვნობა გაეწია ბარისათვის. ჩვენ ვიცით, კახეთში, გაღმა მხარეში ორი სოფელი დამამტკიცებელი ჩვენი აზრისა - სოფელი ფშაველი და ყვარელი’’.ყვარლის წარსულს თუ გადავხედავთ, დღევანდელი ყვარელი მკვდრეთით აღმდგარს ჰგავს. ქართული ისტორიის ღრმად მცოდნე - გიორგი ლეონიძე წერდა: ,,მრავალი ტანჯვა განიცადა ყვარელმა ძველ საუკუნეში. 1617 წელს შაჰ-აბასმა იგი ამოწყვიტა და ცოცხლად დარჩენილნი სპარსეთში გადაასახლა. კახეთი გახდა გატიალებული, უდაბური, გატყევებული. შაჰ-აბასის შემოსევიდან 35 წლის შემდეგ კახეთში მყოფმა რუსეთის ელჩებმა აღნიშნეს თავის მოხსენებაში, რომ ყვარელში იმ დროს მხოლოდ ხუთი კომლი ცხოვრობდა. ისიც სამი კომლი ტყეში შიშიანობის გამო, ორი კომლი კი სოფელში. აი, რა გამოიარა ყვარელმა’’. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერეიდანში ძალად გადასახლებულმა ყვარლელებმა იქაც გააშენეს სოფელი და მასაც ,,ყვარელი’’ უწოდეს.ყვარელში და მის შემოგარენში 40-მდე ისტორიული ძეგლი და ნაგებობაა. მე შევეცდები შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ ათგან ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი ძეგლები.ყველაზე უძველესი ძეგლი ყვარელში არის დუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. იგი მდებარეობს ყვარლის ბოლოში, მდინარე ბურსის მარჯვენა სანაპიროზე. აშენებულია რიყის ქვისაგან. ტაძარი წარმოადგენს VI საუკუნის სამეკლესიან ბაზილიკას. იგი უფრო მონასტრის ტიპის შენობაა. მის ირგვლივ მთელი რიგი შენობების კვალი შეიმჩნევა. ტაძარი აღდგენილია ძეგლთა დაცვის მიერ და ნაწილი კომპლექსისა დაკონსერვებულია.ტაძარს არ აქვს სადიაკვნე. აქვს მოზრდილი სამკვეთლო, რომელიც ბაზილიკის მარცხენა ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და პატარა კარით უერთდება საკურთხეველს. მარჯვენა ნავის აღმოსავლეთ ნაწილში არის პატარა სამლოცველო თავისი ცალკე ტრაპეზით. გადმოცემით იგი წმიდა გიორგის სახელობისაა.ცენტრალურ ტაძარს აქვს სამი შესასვლელი და ამ სამივე მხარეს მიშენებული აქვს თაღოვანი ნიშები, პატარა სენაკები. ჩრდილოეთის მხრიდან ეტყობა დიდი შენობის ნაშთი, შეიძლება იგი ბერების საცხოვრებელიც იყო. ტაძარს აქვს დიდი ეზო, რომელიც მთლიანად გადაჰყურებს ბურსის ხეობას და ბზის გორას.ტაძარი ვაკე ადგილას, ხუთიოდე მეტრის სიმაღლის მდინარის ტერასაზე მდებარეობს. მის ირგვლივ ვენახები და სახნავ-სათესი ადგილები იყო. ამოტომაც მოსახლეობა ამ ადგილს ,,კუპატაძეების ნავენახარს’’, ან ,,დუბეს’’ ეძახდა. აქედან წარმოდგება ტაძრის სახელწოდებებიც: ,,კუპატაძეაანთ საყდარი’’, ,,დუბის’’ საყდარი. დუბე ნიშნავს ვაკეს, სულხან-საბას ლექსიკონის განმარტებით კი - დაბალ ადგილს და,რადგანაც ეს მონასტერი ძველი ყვარელიდან საკმაოდ მოშორებით, დაბლა მდებარეობდა, ამოტომაც შერჩა ზედსახელად ,,დუბის’’ მონასტერი.ტაძარი XX საუკუნის 50-ან წლებამდე კარგად ყოფილა შემონახული. მის ჩრდილოეთ კედლიდან გადმოდიოდა სასწაულთმოქმედი წყალი ,,ღვთისმშობლის ცრემლები’’, რომლითაც მეძუძური დედები იკურნებოდნენ. ქვესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი აუფეთქებიათ და ქვები გაუზიდიათ, რის შემდეგაც სასწაულმოქმედი წყალი დამშრალა.1979 წელს წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის ექსპედიციამ ნაწილობრივ გაწმინდა მიწითა და მცენარეული საფარით დაფარული ტაძარი.XX საუკუნის 80-აინ წლებში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტისა და ადგლიბრივი ხელისუფლების ძალისხმევით ტაძარში ჩატარდა სარემონტო სამუშაობები.პირველი წირვა-ლოცვა აღდგენილ ტაძარში 1999 წლის 21 სექტემბერს აღავლინა იღუმენმა გაბრიელმა (ჯამბაზიშვილმა).2000 წლის 4 დეკემბერს კი, ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით აქ დედათა მონასტერი გაიხსნა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია მონაზონი თეკლა (კანანაძე), კეთილმოწესე კი - მონაზონი მართა (კერესელიძე). მონასტრის დობა 19 წევრისაგან შედგება, აქედან 9 მონაზონია 2 მორჩილი და 8 სამორჩილე.,,დუბის’’ ტაძარში სხვადასხვა დროს მსახურობდნენ მღვდელები - გიორგი (ხაჩიძე) და მიქაელი (ღუღუნიშვილი). ამჟამად ტაძრის წინამძღვარია იღუმენი გაბრიელი (ჯამბაზიშვილი).მონასტერში ფუნქციონირებს ბიზანტიური სკოლის ხატწერის სახელოსნო, რომლის ხატმწერებიც არიან მონაზვნები - მართა და მარიამი და სამორჩილე რუსუდანი. აგრეთვე ფუნქციონირებს აქ ჭრა-კერვისა და ქარგვის და ძველი წიგნების სარესტავრაციო სახელოსნოები.მონასტერში იქსოვება ფსკვნილები, ცხვება ეპარქისათვის სეფისკვერები.ქ. ყვარლის სამრევლო ტაძარს წარმოადგენს წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძისა და მარჯანიშვილების მუზეუმებს შორის. მისი ფართობია 18x12, სიმაღლე 27 მეტრი გუმბათიანად.ტაძარი აგებულია მთლიანად ქართული აგურით. დეკორატიული ელემენტებიდან აღსანიშნავია მის ოთხივე ფასადზე გამოსახული დიდი ჯვრები და გუმბათის ყელზე ორ მწკრივად განლაგებული რომბები. ნაგებობა ნათდება 10 დიდი და გრძელი სარკმლით და 4 პატარა სარკმლით, აქედან ორი მათგანი მრგვალია. საკურთხეველი ტაძრისაგან გამოყოფილია კანკელით, მარცხნივ აქვს სამკვეთლო, მარჯვნივ სადიაკვნე. მის მაღლა კი არის აგრეთვე პატარა ბნელი ოთახი, რომელშიაც კედელში დატანებულ ვიწრო მოხვეულ კიბეს ავყავართ. დასავლეთის კედელში ორივე მხრიდან ჩატანებული კიბეები მის ზედა სარკმელთან უერთდება ერთმანეთს. ეტყობა ადრე აქ ქორო (აივანი) ყოფილა მგალობელთა გუნდისათვის.ნათლისმცემლის ტაძარი 1888 წელს აუგია დაღესტნის გენერალ-გუბერნატორს - ნიკოლზ ჭავჭავაძეს. ადრე ამ ადგილას ჭავჭავაძეების პატარა კარის ეკლესია ყოფილა.,,ყვარელს, სადაც მრავალი კარისა და საგვარეულო ეკლესიაა, სამრევლო ტაძარი არ ჰქონდა.ხალხმა გადაწყვიტა შემონაწირების საშუალებით აეგო ამდაგვარი ტაძარი. როდესაც ნიკო ჭავჭავაძემ გაიგო ყვარლელთა ეს განზრახვა, სურვილი მოეწონა, საგანგებოდ ჩამოვიდა ყვარელში, გლეხები შესაწირისაგან გაათავისუფლა და თავისი ხარჯით, თავის ეზოში ააშენა ეს სამაგალითო ტაძარი და შემკო ძვირფასი ჭაღითა და ხატებით. ჭაღი ისეთი დიდი იყო, რომ მასში ასზე მეტი კელაპტარი ენთო და შუშის მძივებში ელვარებდა. იატაკი ჰქონდა კაფელისა. ხატები ისეთი კარგი იყო, რომ არ გინდოდა წმინდანებისათვის თვალი მოგეშორებინა. ბევრი იყო შევერცხლილი, ძველებური და ახალი, მოსკოვიდან გამოწერილი ან შემოწირული... (ელენე ჭავჭავაძის მოგონებებიდან)’’.ეკლესიამ მხოლოდ სამი ათეული წელი იმოქმედა და 1921 წელს დახურეს. კაფელი აჰყარეს, ჭაღი ჩამოხსნეს, ძვირფასი ხატები და მთელი ქონება ეკლესიისა წაიღეს. ერთ ხანს იგი კოლმეურნეობის საწყობადაც კი აქციეს, შემდეგ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ეწყობოდა მასში დროებითი გამოფენები. მაგრამ ღვთის მადლით, ეკლესიას კვლავ დაუბრუნდა თავისი პირვანდელი დანიშნულება. გახსნიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ, 1988 წლის 2 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აქ კვლავ ამოქმედდა ტაძარი. აქ სხვადასხვა დროს მსახურობდნენ მოძღვრები: ბარნაბა წვერიკმაზაშვილი, მოსე ოთარაშვილი, მღვდელ-მონაზონი - დავით თოდუა. 1990 წლის ნოემბრიდან კი ამ ტაძრის მოძღვარი გახლავთ დეკანოზი ბენიამინი ჩიხორლიშვილი.ტაძარი 1997 წლის ოქტომბრიდან შევიდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიაში, რომლის მღვდელმთავარადაც დაინიშნა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)ყვარლის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ჭავჭავაძეთა საგვარეულო საძვალეცაა. აქ განისვენებენ: მისი აღმშენებელი ნიკოლოზ ჭავჭავაძე (დიდი ნიკო), დაღესტნის გენერალ-გუბერნატორი (1830-1897), მიხეილ ჭავჭავაძე (1833-1877), ნიკოლოზ ჭავჭავაძე (პატარა ნიკო) (1866-1920), ყვარლის აღორძინებისათვის თავდადებული - იური ჭავჭავაძე (1868-1912), პარიზში მოღვაწე მიხეილ ჭავჭავაძე (1898-1965), მისი მეუღლე მარიამ (მარა) ჭავჭავაძე (1910-1988), აღმდგენელი ამა ეკლესიისა, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე (1953-1989) და მამამისი, თბილისის ფილოსოფიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე (1923-1997).ნათლისმცემლის ტაძარი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ აქ მოინათლნენ და ლოცულობდნენ თვით წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) და აქვე, ამ ტაძარში გაატარა ბავშვობა ბიძამისთან, ტაძრის მოძღვარ გიორგი ფერაძესთან, წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ.ყვარელში დუბის ღვთისმშობლის შემდეგ სიძველით მეორე ტაძარია სამების ლავრა. იგი მდებარეობს ყვარლის დასავლეთით, კუდიგორის ახლოს, სამების ცერზე. აგებულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე. ტაძარი არის დიდებული ნაშთი სამონასტრო კომპლექსისა, ხასიათდება უნიკალური ფორმებით. აშენებულია ყორისა და ნახეთქი ქვებისაგან, დახურულია კრამიტით.სამ მხარეზე აქვს დერეფანი, დასავლეთის დერეფანი ორსართულიანია. ტაძრის კედლებს გარშემო აქვს თაღებიანი სვეტები. კედლის სისქე თაღების ჩათვლით 1 მეტრია.მოხატულობა ტაძრისა აღარ არის შემონახული.ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის კორიდორში შესასვლელ კარებს აქვს მეტად თავისებური სათოფური.ტაძრის გარშემო არის მთელი რიგი შენობების ნანგრევები, საცხოვრებელი და საყორთეფიკაციო ნაგებობანი.საჭიროა ტყის გაჩეხვა გარშემო და გაწმენდა ტერიტორიისა, რომ ნგრევა შეჩერდეს. გაწმენდას მოითხოვენ დერეფნებიც. ყველა ნიშნებია იმისა, რომ ეს ტაძარი დიდი კულტურული კერის ნაშთია. დგას მთის მწვერვალზე, საიდანაც კარგად მოსჩანს მთელი ალაზნის ველი.იქვე, სამების ცერის შუაწელზე, ტყეში, იმ ბილიკზე, რომელიც სამების ცერისაკენ მიდის, დგას ეკლესია, ე.წ. ,,დიდ ბატონი’’, რომელიც წარმოადგენს თიანეთის რაიონის სოფელ ყვარას მთავარი სალოცავის - ლაშარის წმიდა გიორგის მთავარ ნიშს. იგი დარბაზის ტიპისაა, აშენებულია დახეთქილი ქვისაგან, კარები თაღიანი აქვს. დახურულია კრამიტით. ზომა: 12x7. მოხატულობა არა აქვს. აგებულია მე-18 საუკუნის ბოლოს.სამების მთის ძირას, ნეკრესის მხარეს დგას სალოცავი ,,ხახმატის ჯვარი’’, ერთნავიანი ბაზილიკა, X-XII საუკუნეებისა, აქვს მხატვრობის კვალი.ყვარლის აღმოსავლეთით, ილიას გორაზე დგას ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა. აგებულია XVI ს-ში. აშენებულია ადგილობრივი ქვის მასალისაგან, კარგად არის დაცული. ფართობი 6X5. აქვს ერთი კარი. იქვე, ილიას გორის ძირზე დგას ეკლესია ,,წყაროსთავი’’, იმავე საუკუნისა და იმავე ზომის. მისი სახურავი შესაკეთებელია და კარი აღსადგენი.ყვარლის შუაგულში, მთავარდიაკონის ქუჩაზე მდებარეობს კვირაცხოველის, ანუ წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია. აგებულია XVI ს-ში აგურისა და რიყის ქვისაგან.გადმოცემით ამ ეკლესიის მთავარდიაკონი - ნიკოლოზ სეფაშვილი წმიდა ილია მართლის პირველი მასწავლებელი ყოფილა და სკოლა ამ ეკლესიის გალავანში ყოფილა მოთავსებული.გასული საუკუნის 90-იან წლებში ილი ჭავჭავაძის საზოგადოების ყვარლის განყოფილებამ აღადგინა ოთხი ეკლესია: ბაიდოაანთ ღვთისმშოლის - მარჯანიშვილზე, კოკორაანთ ლაშარის წმიდა გიორგის ნიში - კოკორაანთ უბანში, ბოგირზე - აღდგომის და ფერისცვალების, ანუ ღვთაების ეკლესია - ვერხვთან, რომელიც ამჟამად მოქმედია და მისი წინამძღვარია მღვდელი მიქაელი ღუღუნიშვილი.ახალი აღდგენილია აგრეთვე შემდეგი ეკლესიები: ირაკლი მირზიკაშვილის მიერ თავის ეზოში - ,,ჯვარპატიოსანი’’; ექიმ დოდო ჟურულის მიერ წმიდა იოანე მახარებლის სახელობის - ქალაქის თავში, ცქვიტიშვილი ფირუზას ვენახში; მეუფე სერგის მიერ წმიდა გიორგის ეკლესია, დარბაზული ტიპის, გვიანდელი, სამეუფეო რეზიდენციის ეზოში; ახალბედაშვილების მიერ ლაშარის წმიდა გიორგის ნიში - გელაანთ უბანში; ცირიკაშვილების მიერ - ცირიკაანთ საყდარი, ლაშარის წმიდა გიორგის ნიში, დოლოჭობთან; იოსებ ხარატიშვილის მიერ წმიდა ილია მართლის მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია, თავისი სამრეკლოთი (ტაძარი მოხატულია თანამედროვე ქართული ფრესკებით); ყვარლის რაიონული გამგეობის მიერ 1997 წელს ზურიაანთ საყდარი - ,,ჯვარპატიოსანი’’, ყვარლის რაისაავადმყოფოს ზემოთ (ყოფილი თავადთა სასაფლაოს ტერიტორიაზე).გარდა აღნიშნული ტაძრებისა, ყვარელსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არის კიდევ შემდეგი ეკლესიები: ცხრა-კარა“ – X-XI საუკუნეების ბაზილიკა, მდებარეობს ქინძმარაულის ვენახებში, II კარებთან. მის ქვემოთ ძველი ეკლესიის ნაშთი, ე.წ. ,,ცალგვერდა’’. ,,ცალგვერდას’’ მარჯვნივ არის კეკუების მიერ ახლად აგებული წმიდა სამების მცირე ზომის ბაზილიკა, თავისი სამრეკლოთი და დამხმარე სათავსოებით. ტაძარი მთლიანად მოხატულია თანამედროვე ქართული ფრესკებით.მეურნეობის დასახლებაში, გვირაბთან ხარებავებმა ააშენეს ხარების მცირე ზომის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ დასამთავრებელია და მიმდინარეობს იქ სამუშაოები. მისგან მოშორებით წინ - კლდეებთან, ე.წ. ჭავჭავაძეაანთ ყურეში მდებარეობს შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიები: წმიდა გიორგის და მის ზემოთ, წმიდა გიორგისა და წმიდა თევდორესი. ამ უკანასკნელს ატყვია მხატვრობის კვალი და აქვს წარწერაც. არის კიდევ რამოდენიმე სხვა ეკლესიაც.იქვე, ეთერზეთებთან მდებარე ბორცვზე, არის ,,ყვავიჭამიას საყდარი’’, ანუ ,,უსანეთი’’ - წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. ამ უკანასკნელზე არსებობს ერთი ასეთი ლეგენდა: მუშები ყანას მკიდნენ იქვე ხის ჩრდილში ცეცხლი ენთო და ქვაბით ლობიოს ხარშავდნენ ბუჩქებიდან გველი გამოძვრა, მიცურდა ცეცხლთან და ჩაიხედა რა ქვაბში, უცბად შიგ ჩავარდა და ჩაიხარშა. ამ ამბავს ხიდან ყვავი უყურებდა, მორთო სასოწარკვეთილი ჩხავილი. მუშებმა ხან ქვა ესროლეს, ხან ხის ტოტი, მაგრამ ყვავი ვერ მოიცილეს თავიდან და ვერც გააჩერს, განუწყვეტლად დასჩხაოდათ თავზე. სადილობამ რომ მოატანა, გამოვიდნენ და სადილის სამზადისს შეუდგნენ. ყვავმა არ მოასვენათ და ჩხავილს განაგრძობდა. ერთი ყმაწვილი ბიჭი ძალიან შეწუხდა ყვავის ჩხავილით და გადაწყვიტა ყვავი მოეკლა. ის იყო დაუპირა კიდეც, მაგრამ ყვავმა არ აცალა, გაფრინდა და შიგ ადუღებულ ლობიოს ქვაბში ჩავარდა. სადილი ჩაეშალათ. ქვაბი მიწაზე წამოღვარეს და ნახეს უზარმაზარი გველის ჩონჩხი და ჩახარშული ყვავი. მერეღა მიხვდნენ მუშები, თუ ყვავმა რატომ შეაღონათ ჩხავილით. დაღონდნენ სინანულით და ყვავის სიბრალულით. გადაწყვიტეს ასეთი გონიერი ყვავისათვის ამ ადგილას სამახსოვრო ძეგლი აეგოთ და მაშინ აუშენებიათ აქ ეკლესია. რომელსაც ,,ყვავიჭამიას ეკლესია’’ უწოდეს.ყვარლის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე ჩაგურგურის ზემოთ მდებარე ბორცვზე, არის ,,ციხის ჯვრის’’ კომპლექსი თავისი მაღალი გალავნის ნაშთით.ყვარლის ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ნაგებობანი თავისი ეკლესიით; აგრეთვე ,,ვაზოვანის სამნავიანი ბაზილიკა’’ VI საუკუნისაა, აქვს მოხატულობის ფრაგმენტები და მის ირგვლივ შეიმჩნევა სხვა შენობეის ნაშთებიც. ეტყობა აქ ადრე მონასტერი ყოფილა. აღსანიშნავია აგრეთვე ყორიანისა და დოლოჭობის ეკლესიები, მთავარანგელოზთა ტაძრის ნაშთი სასაფლაოზე და წმიდა იოაკიმესა და ანნას სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია კაზარმაში, რომელიც გაწმენდასა და რესტავრაციას საჭიროებს.ყვარელში გარდა ეკლესია მონასტრებისა, არის რამოდენიმე ციხე-სიმაგრეც, რომლებიც დაკავშირებულია კვაკასიის ომის მრავალმნიშვნელოვან ეპიზოდებთან.ეს ციხეებია: ყვარლის ისტორიული ციხე-გალავანი, დურუჯის ხეობის მარჯვენა მხარეს - აბაშის ციხე და სულ ზემოთ, მთის მწვერვალზე - ნინიკას ციხე. ეს ციხეები იცავდა ყვარლელებს დურუჯის ხეობის მხრივ მთიელთა შემოსევებისაგან.ნინიკას ციხე მდებარეობს საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ყვარლისა და შილდის წყალგამყოფ ქედზე არსებული პატარა, ანუ ,,ფოხალის ‘’ იალაღის ჩრდილოეთ ნაწილში. აქვე 3200 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან ამოედინება წყარო, რომელსაც ,,შამილის წყალს’’ ეძახიან. ციხე თავისდროზე ნაგები ყოფილა თიხაფილაქნებითა და ქვიშა ქვებით. ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.გადმოცემის თანახმად ციხე აუშენებია ნინიკას თავის თანამებრძოლებთან ერთად, მტრის თავდასხმის დროს ციხეში ცეცხლს ანთებდნენ და ამით ატყობინებდნენ მოსახლეობას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მოსახლეობა კი ყვარლის ციხე-გალავანში იმალებოდა.ყვარლის ისტორიული ციხე-გალავანი XVI ს-შია აგებული და წარმოადგენს დიდ მართკუთხედს. ოთხივე კუთხეში ამოყვანილია მრგვალი კოშკები. კედლებში არის აგრეთვე სამი ნახევარწრიული კოშკი. კედლები მთავრდება ქონგურებით, რომელიც ამოყვანილია რიყის ქვისა და აგურისაგან. კედლები ორ და სამ იარუსიანია, ამოყვანილია რიყის ქვისაგან, ხანდახან გვხვდება აგურიც. მორთულობა ძალიან ძუნწია, შესრულებულია აგურებით შესასვლელ კარებთან რომბებისა და ჯვრების სახით. კედლებს მთელ სიგრძეზე ორ-სამ იარუსად ჩატანებული აქვს სათოფურები. ისინი ჭადრაკული წესით არიან განლაგებულნი ისე, რომ შიგნით განთავსებულ მსროლელებს ხელი არ შეეშალათ ერთმანეთისათვის და შეძლებოდათ ერთდროულად მოქმედება. სათოფურები დაშორებულია ერთმანეთისაგან 2-3 მეტრით.მრავალი ბრძოლის მოწმეა ამ ციხე-გალავნის კედლები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც ცნობილია, როგორც ყვარლის ბრძოლა, მოხდა 1755 წელს, როცა ნურსალ ბეგის მეთაურობით ლეკთა ლაშქარმა ყვარლის ციხე-სიმაგრეში შეხიზნული კახელები ალყაში მოაქცია. მებრძოლების მცირერიცხოვნობის გამო ქართველებს ბრძოლა შეუძლებლად მიაჩნდათ. მეფე ერეკლე მეორემ გადაწყვიტა შეეყვანა სიმაგრეში დამხმარე რაზმი. 206-მა მებრძოლმა ღამით ჩუმად გადალახა მდინარე ალაზანი, მიეპარა ლეკთა მცველებს და ხმლით გაიკაფეს გზა ციხე-სიმაგრისაკენ. რაზმმა შეიტანა ციხეში დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი. ციხე-სიმაგრის დამცველებმა შეძლეს გადაეწვათ ლეკთა თავშესაფარი ციხე-გალავნის ირგვლივ. ამასობაში ერეკლე II-მ გამოგზავნა ჯარი ლეკების გასანადგურებლად. ლეკები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ციხე-სიმაგრე და დაბრუნებულიყვნენ დაღესტანში. კახეთის განადგურების გეგმა ჩაიშალა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინა ილიას პაპის მამამ - ბესპაზ ჭავჭავაძემ,რომელიც ერეკლე მეორემ დააჯილდოვა საგანგებო სიგელით მამაცური ბრძოლისათვის, სადაც ეწერა, რომ ,,23 დღე ლომსავით იბრძოდაო’’.

გამოყენებული ლიტერატურა: ,,ვპოვე ტაძარი’’ - ავტორი დეკანოზი

ბენიამინ ჩიხორლიშვილი


Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks