ყვარლის ციხე

                                                                   
                                                                  ყვარლის ციხე
ყვარლის ციხე XVI-XVIII საუკუნეების კახეთში აგებულ სიმაგრეებიდან ერთ-ერთი დიდთაგანია. გეგმით იგი თითქმის კვადრატულია, ვაკეზე დგას და ყოველ მხარეს ერთნაირი მისადგომი აქვს. ოთხივე მხარის გადაწყვეტა მხოლოდ დეტალებში განსხვავდება ერთმანეთისაგან.ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას. მათ შუაც, გარდა სამხრეთისა, კიდევ კოშკებია ჩადგმული. ამ კოშკებიდან ჩრდილოეთისა და დასავლეთისა ნახევარწრიული ფორმისაა, აღმოსავლეთისა - სწორკუთხა. ციხის ჭიშკარი ამ სწორკუთხა კოშკის ქვედა სართულშია მოთავსებული. ჭიშკრის თაღოვანი გასასვლელი დაბალია და განიერი. სართული გადახურულია ისრული კამარით. გვერდის კედლებში ღრმა და განიერი ნახევარწრიული ნიშებია. მეორე და მესამე სართულების კედლებში სხვა ელემენტებთან ერთად სათოფურებიც ყოფილა განლაგებული.კუთხის კოშკები თითქმის ერთი ტიპისაა. თითოეულ სართულს შესასვლელი ცალ-ცალკე ჰქონია ეზოდან. პირველ და მეორე სართულებს შორის გადახურვა, გარდა მესამისა, ხისა ყოფილა. მესამე სართულს კი, გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის კოშკებისა, სფერული გუმბათი ახურავს. კედლები უჭირავს ერთ ჰორიზონტზე განლაგებულ თითო და ორმაგ სათოფურებს. კოშკი ბანით მთავრდება.ციხის შუა კოშკებიდან დასავლეთისას პირველ და მეორე სართულებზე ცალ-ცალკე აქვს შესასვლელი ეზოდან. პირველი სართული სფერული გუმბათითაა გადახურული. კედლებში ღრმა ნიშებია სათოფურებით. პირველი სართულიდან კედლის კიბე მიემართება გალავნის ბილიკზე და ბილიკიდან მეორე კარით - მეორე სართულზე. მეორე სართულის გეგმა ექვსგვერდაა. თითოეული გვერდი მაღალი წრიული თაღებითაა დამუშავებული. მათში მოწყობილია სათოფურები, შესასვლელის პირდაპირ, კედელში კი ბუხარია სათოფურით. ჩრდილოეთის ცენტრალური კოშკი თითქმის ანალოგიურადაა გადაწყვეტილი.ციხის მაღალი გალავანი ზოგან ორიარუსიანია, ზოგან კი - სამიარუსიანი. კედლები თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ცოკოლივით ყრუ კედელი მიდის, გარდა ჩრდილოეთის კედლისა, სადაც პირველი იარუსი 4-5 მეტრის სიმაღლეზე იყო. ზედა კედლის ქვედა ჰორიზონტზე ძირს დახრილი მაღალი სათოფურებია, ზემოთ კი მათ შუა თითო და ორმაგი პირდაპირ მიმართული სათოფურებია. იგივე სისტემა მეორდება საბრძოლო ბილიკის ზემოთ, მეორე იარუსის კედლებში.ციხის კედლების მთელ პერიმეტრზე, უკოშკებოდ, თავისუფლად შეეძლო ერთდროულად ემოქმედა ათასამდე მსროლელს. ამას თუ დავუმატებთ შვიდი კოშკის სათოფურებს, მივიღებთ სათოფურთა ისეთ რაოდენობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ ძლიერი გარნიზონი.ციხე გარედან მონუმენტური ნაგებობის შთაბეჭდილებას სტოვებს. მაღალი კედლები და კოშკები ნაგებია რიყის ქვით, ე. ი. თევზიფხური წყობით. აგური მცირე რაოდენობითაა გამოყენებული, ისიც მხოლოდ კოშკების ინტერიერებში.როგორც სხვა ციხეები, ესეც უმნიშვნელოდაა მორთული. აქცენტირებულია შესასვლელები რომბებითა და ჯვრებით, რომლებიც აგურის წყობითაა გამოყვანილი. ამჟამად, დიდად გაზრდილი ქალაქის ტიპის რაიონული ცენტრი ისე მჭიდროდაა შემორკალული ციხეს, რომ ციხის ხუროთმოძღვართა ჩანაფიქრის მოლიანი აღქმა შეუძლებელია. არ დგინდება ჰქონდა თუ არა კედლებსა და კოშკებს ქონგურები. ამავე დროს, თითქმის მოსპობილია ციხის მეორე გალავანი და მის ირგვლივ გამავალი არხი.ამ მეორე გალავანზე და არხზე ლაპარაკია „კალმასობაში“: „იოანე წარვიდა ციხისკე და თან გაჰყვა ალავერდის სახლთუხუცესი. რა ციხესთან მივიდა იოანე, იხილა მეორე სხვა გალავანი შემორტყმული და გალავანს გარე არხი, იოანეს მოეწონა ეს სიმაგრე და ჰკითხა სახლთუხუცესს: ეს სიმაგრე ვინ გაგიკეთაო? მან უთხრა: იოანე ბატონისშვილმან, რომ მეფე ირაკლიმ აქ უბრძანა ყოფნაო, ოდეს ომარხან მოვიდოდა ოცდახუთი ათასის კაცით ამ ყვარელზედ, მაშინ ეს სიმაგრე გაგვიკეთა ბატონისშვილმან, შიგნით გალავანში დედაკაცნი და ყმაწვილნი დააყენა და ბურჯებში თოფაჩნი და მეთოფენი და თვითონ ჯარით და ჩვენ აქ ვიდექით. და ესრეთ მაგრად ვიყავით, რომ მოვიდნენ მტრის ჯარნი, ბურსას ვერღა გასცილდნენ, და ორჯელ აქ დაგვესწრო ჩვენს გაჭირვების დღეს, და ღმერთს გარდა იმან დაგეიხსნა იმ მტერთ ტყვეობისაგან. და ახლა ქიზიყს ბრძანდება კიდევ ომარხანის პირდაპირ“.ციხის მეორე გალავანი ოციოდე მეტრით ყოფილა დაშორებული პირველს. ამ გალავნის ფრაგმენტები შერჩენილია დასავლეთით. არსებული კედლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ დამატებით კედელსაც პირველის მსგავსი სათოფურები ჰქონია.ამ მეორე გალავნის გასწვრივ ზოგან რელიეფი ოდნავ ჩაწეულია. ეს ზოლი, ალბათ, ციხის ირგვლივ გამავალი თხრილის ნაშთია.ჩვეულებრივ, საქართველოს ციხეებისათვის არაა დამახასიაოებელი თხრილის მოწყობა და მასში წყლის გაშვება. მაგრამ გვხვდება, როგორც გამონაკლისი.საქართველოში ციხეები ვაკეზე იშვიათად შენდებოდა და თუ მაინც ააშენებდნენ, ისეთ ადგილს შეარჩევდნენ, სადაც წყლით მომარაგება რთული არ იყო; ასეთ შემთხვევაში თხრილის ამოღება და შიგ წყლის გაშვება უდავოდ კარგი გადაწყვეტა იქნებოდა.ყვარლის ციხეს თარიღი არ გააჩნია მაგრამ, როგორც სხვაგანაც აღგვინიშნავს იგი ტიპიურია XVIII საუკუნის შუა ხანებისათვის.ყვარლის ციხის შესახებ ბევრი რამ უცნობია მაგრამ არსებობს ერთი მეტად საყურადღებო ცნობა, რომელიც კარგად განსაზღვრავს მის დანიშნულებასა და გამძლეობას.როგორც ცნობილია XVIII საუკუნის 50-იან, წლებში ძალიან ხშირი იყო ლეკების შემოსევა. ერთ-ერთ ასეთ შემოსევას ადგილი ჰქონდა 1754-1755 წლებში ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის მეთაურობით. ლეკებმა პირველი ომი მჭადიჯვართან რომ წააგეს, მეორე ომისთვის უფრო მოემზადნენ. ლეკების გაერთიანებული ჯარი კახეთს გადმოვიდა და ყვარლის ციხეს შემოადგა. ქართლ-კახეთის ლაშქარმა, ერეკლე II-ის ხელმძღვანელობით, მტრის ჭარბ ძალებთან პირდაპირ შებმას თავი აარიდა და სხვა ტაქტიკას მიმართა: რჩეული რაზმები მიუსიეს ლეკების იმ მხარეებს, რომელთა მფლობელებიც ყვარელთან იდგნენ. ასეთმა ტაქტიკამ გაჭრა, ლეკების ბელადებმა ყვარლის ციხეს ნელ-ნელა მოხნეს ალყა და თავიანთი მხარეების დასაცავად გაბრუნდნენ. ქართველებმა მაშველი რაზმიც შეგზავნეს ციხეში, რათა მეციხოვნენი მაგრად მდგარიყვნენ, ბოლოს ალყა მოლიანად მოიშალა.საინტერესოა მემატიანის ერთი ცნობა ამ ამბავთან დაკავშირებით: მოკავშირე ჭარელებმა თურმე უსაყვედურეს ხუნძახის ბატონს: „ჩვენ აქ უბრალოდ ერთ ციხეზე ვიღალებით და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებსო“. ხუნძახის ბატონმა ამაზე უპასუხა: „აგერ ამ ციხეს ავიღებთ, კახეთიც ხელთ დამრჩებაო და თქვენს გარჯასაც გადავიხდიო“. ყვარლის ციხის მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ცნობა. „თუ მტერი იმ ციხეს აიღებს, გაღმა მხარი ხელთ დარჩება და რახან გაღმა მხარს იშოვნიან, კახეთის შოვნაც გაუადვილდებათო, მერე დასუსტებულს ქართლს რითღა შევიმაგრებთო“.ამ ამონაწერებიდან ნათლად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გაღმა მხარისა და მთლიანად კახეთისათვის ყვარლის ციხეს. ეს ციხე პირდაპირ გასაღები ყოფილა კახეთისათვის. ამ სიმაგრის აღება ქვეყნისათვის კარის ჩამოხსნას უდრიდა.ციხის ალყისა და შეტევის ისტორიისათვის საინტერესოა მემატიანის ცნობა: „შემოსაფრეს ყვარელის ციხე ლეკთა, იყო ომი დღედაღამ, კარგად კაცურად და მამაცურად ებრძოდენ მყოფნი ციხისანი. მაგრამ ასეთი მადალი საფრები შეუკრეს გარედამ, რომ შიგ ციხვში თოფს ჩაისროდენ“.სამწუხაროდ, აქ არ ჩანს, თუ რისგან იყო აგებული საფარი. მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი დაგროვილი მიწისაგან, ან დაწყობილი თუ დაყრილი ხე-ტყისაგან ყოფილიყო გაკეთებული. ასეთი საფრების აგებით, გარემომცველი ციხის მცველთაგან მოფარებული იქნებოდა. ამავე დროს, თუ საფარი მართლაც ციხის ქონგურების დონეზე, ან მასზე მაღლა იქნებოდა აღმართული, მტერი მართლაც ადვილად შესძლებდა „შიგ ციხეში თოფის ჩასროლას“. ასეთ შემთხვევებში მცველები ყოველნაირად შეეცდებოდნენ საფარის აგებისათვის ხელი შეეშალათ. თუ ეს ციხიდან მოხერხდებოდა, ხომ კარგი, თუ არა და მოულოდნელად გამოუხდებოდნენ და თავს დაესხმოდენ. მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუ საფრის აგებას მცველები ვერ დაუშლიდნენ, ციხის გარნიზონის მოქმედება პარალიზებული იქნებოდა, რასაც თავისთავად დამარცხება მოჰყვებოდა.ყვარლის ციხის შემდეგი დროის ისტორია უცნობია. როგორც ეტყობა, იგი ბოლომდე შერჩა ფეოდალურ საქართველოს.


Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks